ჩვენს შესახებ
კონტაქტი
Facebook

მოძრაობა სიძულვილის ენის წინააღმდეგ

 

ინტერნეტი, შემოქმედებისთვის, ურთიერთობისა და მონაწილეობისათვის გვთავაზობს სივრცეს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შექმნას, გამოაქვეყნოს, გაავრცელოს და გამოიყენოს მედია საინფორმაციო მასალა მრავალი გზით.

 

სოციალური ქსელების შექმნამ განსაკუთრებით აამაღლა კიბერ-სივრცეში ახალგაზრდების სხვადასხვა გზით მონაწილეობის დონე, იქნება ეს თანატოლებთან კონტაქტში ყოფნა თუ ახალი კონტაქტების მოძიება ინფორმაციის გაცვლისა და თვითგამოხატვის მიზნით. ონლაინ-სივრცე, ისევე როგორც სივრცე რეალურ სამყაროში, შეიცავს ახალ შესაძლებლობებს, გამოწვევებსა და საფრთხეებს ახალგაზრდებისათვის. ორივე სივრცეში ახალგაზრდა შეიძლება გახდეს მსხვერპლი ან მოქმედი პირი შევიწროვებისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის პროცესში. გასულ წლებში ონლაინ სიძულვილის ენა იქცა ადამიანის უფლებათა დარღვევის მნიშვნელოვან ფორმად, რასაც ხშირ შემთხვევაში სავალალო შედეგები მოყვება როგოც ონლაინ, ასევე რეალურ სივრცეში.

 

სიძულვილის ენა არ წარმოადგეს ახალ გამოწვევას ადამიანის უფლებათა ხელყოფის კუთხით. თუმცა, ონლაინ სივრცემ სიძულვილის ენის მასშტაბები და გავლენის სფერო საგრძნობლად გაზარდა, რომელიც დემოკრატიულ განვითარებაზეც უარყოფითად ზემოქმედებს.

 

ტრადიციულ საინფორმაციო საშუალებებში სიძულვილის ენის მონიტორინგი და მის წინააღმდეგ ბრძოლა შედარებით მარტივია, მაგრამ სოციალური მედიის განვითარებამ ინდივიდების მიერ გამოხატული სიძულვილის ენის მონიტორინგი და მის წინააღმდეგ ბრძოლა თითქმის შეუძლებელი გახადა.   

 

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის განსაზღვრებით, სიძულვილის ენა მოიაზრებს გამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს რასობრივ შუღლს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს ან შეუწყნარებლობაზე დაფუძნებული შუღლის სხვა ფორმებს, ნაციონალიზმის, ეთნოცენტრიზმის, დისკრიმინაციისა და უმცირესობათა ან მიგრანტთა მიმართ გამოხატული მტრობის ჩათვლით.