ჩვენს შესახებ
კონტაქტი
Facebook

კონფერენცია - ჩვენ შეგვიძლია!

2017-11-20

19 ნოემბერს თბილისში შედგა კონფერენცია სახელწოდებით „ჩვენ შეგვიძლია!“ - კონფერენცია დაეთმო ახალგაზრდული და ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და აქტივისტებისთვის კამპანია „მოძრაობა სიძულვილის ენის წინააღმდეგ“ ფარგლებში შექმნილი დამხმარე მასალებისა და პრაქტიკების გაცნობას. 

პროგრამა დაიწყო კობა ბიწაძის (ლგბტი ასოციაცია „თემიდა“) პრეზენტაციით „სიძულვილის ენის ტრენდები საქართველოში“ და გაგრძელდა ელეანორა გიგინეიშვილის (სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო) მიერ მოძრაობის ძირითადი ამოცანების მიმოხილვით. პროგრამის შემდეგი ბლოკი დაეთმო ახალგაზრდული ასოციაცია „დრონის“ მიერ საერთაშორისო დონეზე განხორციელებული პროექტის „საელჩო სიძულვილის ენის წინააღმდეგ“ ფარგლებში ჩატარებული კონტრ- და ალტერნატიული ნარატივების მაგალითების გაცნობას. კონფერენციის ბოლო ბლოკი დაეთმო მოძრაობის ფარგლებში ევროპის საბჭოს მიერ შექმნილი სახელმძღვანელოების გაცნობას. გუბაზ კობერიძემ (ადამიანის უფლებათა ასოციაცია) დამსწრეებს გააცნო „ბუქმარქსი“ - სახელმძღვანელო, რომელიც ძირითადად კონცენტრირდება სიძულვილის ენის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა განათლების გამოყენებას, იგი თარგმნის პროცესშია და მომხარებლისთვის მალე იქნება ხელმისაწვდომი. ნიკა ბახსოლიანმა (ახალგაზრდული ასოციაცია „დრონი“) კონფერენციაზე წარადგინა მეორე სახელმძღვანელო „ჩვენ შეგვიძლია!“, რომელიც მკითხველს ასწავლის თუ როგორ უნდა გამოიყენოს კონტრ- და ალტერნატიული ნარატივები სიძულვილის ენის წინააღმდეგ. ეს სახელმძღვანელოც მალე იქნება ქართულად ხელმისაწვდომი.